Accentnews.ge
ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი

ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი

01/07/2021 08:16:33 პოლიტიკა

პარლამენტში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერეს ხელი. კერძოდ, დოკუმენტს ფრაქციები "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეუერთდა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით. მემორანდუმში აღნიშნულია მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმის შექმნის საჭიროებაზე, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ.

„საქართველომ და უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანება დასახა ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიის გაძლიერების საფუძვლად. ორი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები ასახულია სახელმწიფოთა კონსტიტუციებში. ორივე ქვეყანას გააჩნია ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციის დაპირება, რომ ჩვენი ქვეყნები გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოსა და უკრაინისა გაწევრიანება ნატო-ში მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის. ჩვენს რწმენას ამყარებს პრაქტიკაც, რომ ნატო გაფართოებისას პრიორიტეტს რეგიონულ დინამიკას ანიჭებს. ამისათვის, აუცილებელია შევქმნათ მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ. პროცესი ღია და გახსნილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. მიზნის მისაღწევად ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

საპარლამენტო დონეზე შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას, როგორც მეგობარ ქვეყნებთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროცესში ჩასართავად მოვიწვევთ ქართველ და უკრაინელ დეპუტატებს, ისევე როგორც ნატო-ს ასპირანტი და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

  • ინიციატივის ფარგლებში ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნულ განხილვებს, რათა ყველას მიეცეს პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა. პერიოდულად ინტერფრაქციულ სამუშაო ფორმატში ფართო საზოგადოების ჩართულობით განვიხილავთ პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
  • განვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ნატო-ს სტანდარტების შესრულება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროში ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ასამაღლებლად.
  • ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მუდმივად იყოს ნატო-ს მაღალი ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში", - აღნიშნულია დოკუმენტში.

მემორანდუმის ინიციატორები არიან საპარლამენტო ფრაქციები "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" და “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის", მემორანდუმი ღიაა სხვა პარტიებისთვისაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S