გერმანიის ელჩი: "შეკრების უფლება არის ის ფუძემდებლური უფლება, რომელიც კონსტიტუციამ განსაზღვრა"
01/07/2021 08:13:53 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, შეკრების უფლება არის ის ფუძემდებლური უფლება, რომელიც კონსტიტუციამ განსაზღვრა.
„საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებული არის უფლება, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიკრიბოს და თავისი პოზიცია გამოხატოს. შეკრების უფლება არის ის ფუძემდებლური უფლება, რომელიც კონსტიტუციამ განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩემი და არც ერთი სხვა ელჩის გადასაწყვეტი არ არის, ჩატარდება თუ არა „პრაიდის" ღონისძიება. ეს არის ორგანიზატორების პრეროგატივა, მათ უნდა გადაწყვიტონ ჩაატარებენ თუ არა", - განაცხადა ქნირშმა.
ცნობისთვის: 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის" კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროს სადგურთან დაგეგმილია ღირსების მარში.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტროს სადგურთან კარვები გაშალონ და "პრაიდს" ხელი შეუშალონ.
29 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მიმართა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.
უკვე წლებია, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად "პრაიდის" ჩატარებას ვერ ახერხებენ.


