"პრაიდის" მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი აზრი"
01/07/2021 06:03:43 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "თბილისი პრაიდის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისთვის ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა მიუღებელია.
ზურაბიშვილის განცხადებით, ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება.
"ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის. მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის" კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროს სადგურთან დაგეგმილია ღირსების მარში.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტროს სადგურთან კარვები გაშალონ და "პრაიდს" ხელი შეუშალონ.
29 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მიმართა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.
უკვე წლებია, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად "პრაიდის" ჩატარებას ვერ ახერხებენ.


