Accentnews.ge
"თამარ ჟვანია გადადგომის გადაწყვეტილების მისაღებად საკანონმდებლო ცვლილებებს ელოდებოდა"

"თამარ ჟვანია გადადგომის გადაწყვეტილების მისაღებად საკანონმდებლო ცვლილებებს ელოდებოდა"

30/06/2021 10:29:03 პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს–სპიკერი ნათია იოსელიანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს უკავშირებს. საგანგებო ბრიფინგზე იოსელიანმა კერძოდ თქვა, რომ ერთი კვირის წინ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ დაელოდებოდა ახალი კანონის ძალაში შესვლას და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას:

„ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არის აქ ადგილზე, ელოდება ახალ საკანონმდებლო სიახლეებს. ზუსტად გუშინ შევიდა განახლებული საარჩევნო კოდექსი ძალაში. სწორედ აქედან გამომდინარე კომპოზიციურად არჩევის წესი იცვლება. 2/3 სჭირდება ახალ თავმჯდომარეს იმისათვის, რომ ის იქნას არჩეული. ჩვენ ველოდებით ახალ თავმჯდომარეს და ასევე შემომატებულ კომისიის წევრებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, "საარჩევნო ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს უხდის ძალიან დიდ მადლობას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან გასწია ამ 8 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში":

"ამ ხნის განმავლობაში იყო არაერთი სირთულე, არაერთი გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და გადავლახეთ აღნიშნული პრობლემები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, ქალბატონ თამარს იმ გამძლეობისთვის და იმ თმენისთვის, რაც მან გამოავლინა ამ ბოლო თვეების განმავლობაში".

თამარ ჟვანიამ თანამდებობა დღესდატოვა. მისი თქმით, იგი პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს, ცესკოს თავმჯდომარე კი 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იქნება.

10 დღის წინ ჟვანია ამბობდა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა. იგი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს 2018 წლის 24 დეკემბერს. თამარ ჟვანიას გადადგომას აქტიურად ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2020 წლის არჩევნების შედეგების გაცნობისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მიზეზით თითქმის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთი ნაწილი არ იწყებდა საპარლამენტო საქმიანობას. საკითხის გასარკვევად მმართველმა პარტიამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ენდობა.

საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების კანონპროექტი 28 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით, პრეზიდენტის წარდგინებით, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

იცვლება ასევე საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირებით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3-ით მიიღებს. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს შემადგენლობა მთლიანად არ იცვლება. კერძოდ, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და პროფესიული ნიშნით არჩეული 5 წევრს თანამდებობის კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე შენარჩუნება შეეძლოთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S