ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის ძირითადი შეხვედრები გაიმართება
30/06/2021 06:37:18 პოლიტიკა
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის ძირითადი შეხვედრები გაიმართება.
სამუშაო ჯგუფში შეხვედრისას განსახილველი თემებია, მათ შორის, დევნილთა დაბრუნების, უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლების და გადაადგილების თავისუფლების საკითხები.
„როგორც ყველა რაუნდზე, ახლაც მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და პრაქტიკულად არც ერთი პუნქტი არ აქვს შესრულებული. ექვსპუნქტიანი შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის ამ საკითხების ხაზგასმა. რაც მთავრია, ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ. მთავარი თემა იქნება ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც რუსეთი თავს არიდებს. რაც შეეხება თავად ფონს, ის მძიმეა. ჰუმანიტარულ ჯგუფში განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო ბორდერიზაციასთან, დაკავებებთან. ჩვენი მოქალაქეები: გახელაძე, ბებუა, ბესტაევი დაკავებული არიან და სამწუხაროდ, გრძელდება ამ დაკავებების სერია. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ზეწოლის მექანიზმად, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.


