Accentnews.ge
"რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა"

"რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა"

29/06/2021 15:30:02 პოლიტიკა

რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ რაუნდზეც მოლაპარაკების მთავარი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმება იქნება.

„როგორც ყველა რაუნდზე, ახლაც მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და პრაქტიკულად არც ერთი პუნქტი არ აქვს შესრულებული. ექვსპუნქტიანი შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ. ხვალაც მთავარი თემა იქნება ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც რუსეთი თავს არიდებს. რაც შეეხება თავად ფონს, ის მძიმეა. ჰუმანიტარულ ჯგუფში განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო ბორდერიზაციასთან, დაკავებებთან. ჩვენი მოქალაქეები: გახელაძე, ბებუა, ბესტაევი დაკავებული არიან და სამწუხაროდ, გრძელდება ამ დაკავებების სერია. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ზეწოლის მექანიზმად, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს:

„პროცესის დასრულებამდე მე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა როგორც აღვნიშნე, საკმაოდ მძიმე ფონია. რაც მთავარია, აქ ჩართულია ყველა მექანიზმი და ინსტრუმენტი. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პარტნიორების აქტიურობა. საქართველო მარტო არ ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა ხაზი უნდა გავუსუვა, რომ რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ამძიმებს ფონს და ყველა ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური ზეწოლისთვის, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი ხვალ გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S