ოპოზიცია ტოვებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოსამართლეების საკითხზე მსჯელობს
29/06/2021 14:06:21 პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 9 მოსამართლის საკითხს განიხილავდნენ.
ოპოზიციამ პროცესის სეჩერების საკითხი დააყენა, რის გამოც სხდომა ხმაურის და კამათის ფონზე წარიმართა.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლების არჩევის პროცესში არც სამუშაო ჯგუფისა და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობა აპირებს, შექმნას რაღაც სამუშაო ჯგუფი, რომ შეამოწმონ პარლამენტისთვის არალეგიტიმურად წარმოდგენილი კანდიდატების დოკუმენტაციის შესაბამისობა. ჩვენ ამ ფარს პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ. მოვითხოვთ, რომ შეიქმნას რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტით, მანამდე კი მოსამართლეთა დანიშვნების პროცესი შეჩერდეს". - განაცხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების დოკუმენტს ახსენებენ და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
იგივე არგუმენტაციით კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
17 ივნისს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
მათ შორის, აშშ–ის ელჩმა საქართველოში არაერთგზის შეახსენა მმართველ გუნდს რეფორმებამდე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის სეჩერების ვალდებულება:
"სანამ რეფორმების პროცესი დაიწყება, პოლიტიკური ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაიმართებოდა დებატები, თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით.
შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოილაპარაკეს ამაზე და შეთანხმდნენ ამ პროცესის შეჩერებაზე მანამ, სანამ სასამართლო რეფორმაზე სრულფასოვანი დებატები არ გაიმართება. საქართველოს კონსტიტუცია ცხადად მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს სერიოზული ვალდებულება და დაპირებაა ქართველი ხალხის წინაშე.
საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პროცედურების და პროცესების უმეტეს ნაწილს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა საერთო კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების მიერ და სხვა კანონმდებლობით, რომელთა ამოქმედება და კორექტირება პარლამენტის უფლებამოსილებაა.
ახლა პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და 19 აპრილის ხელშეკრულებით, შეაჩეროს დანიშვნების პროცესი და უზრუნველყოს დებატები, უზრუნველყოს წინა რეფორმების შეფასება, რაც ასევე არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებით, რათა საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებული იყოს, რომ სასამართლო სისტემა არის ისეთივე ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სერიოზულად მოეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას და გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით, რაც გულისხმობს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ არ გაიმართება სრული და ინკლუზიური დებატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით".
მოგვიანებით საელჩომ დოკუმეტის ის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც სასამართლოზეა საუბარი და ყვითელი მარკერით მონიშნა აღნიშნული პუნქტი.
შეგახსენებთ ასევე, რომ შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც მათ შორის, მმართველი პარტია აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


