რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე
29/06/2021 11:16:48 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის,– იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
სემაჯამებელი ინფორმაციის მიხედვით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობის თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტური მართვის აუცილებლობას, განსაკუთრებით შეზღუდვების შემსუბუქებასა და ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კოვიდ–ინფიცირების ახალ მაჩვენებელს საყურადღებო უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ სეზღუდვების გამკაცრების საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განხილულა.
როგორც ცნობილია, 1 ივლისიდან უქმდება „კომენდანტის საათი“, თუმცა კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული არ იქნება 00:00-05:00 საათამდე. კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება. ამასთან, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის და მას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. პირბადის ტარება სავალდებულოა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ბაზრობებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.


