„სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა“– მოსამართლეები მწვავე კრიტიკის ფონზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
28/06/2021 09:20:38 პოლიტიკა
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე შეიმუშავეს.
მოსამართლეები მოუწოდებენ ყველას, „შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად“.
როგორც მიმართვაში მოსამართლეები აცხადებენ, „სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. მათივე თქმით, მზად არიან, მოისმინონ ნებისმიერი ჯანსაღი კრიტიკა და შენიშვნები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების შემდგომ გაძლიერებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად“. თუმცა, მათივე თქმით, „არავის აქვს უფლება, ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოებს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება“.
იხილეთ ასევე: მოსამართლეები ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს აკრიტიკებენ
მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან და მათი მხრიდან რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეგავლენისგან, ისე ნებისმიერი არაჯანსაღი ზემოქმედებისგან, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისგან შეიძლება მომდინარეობდეს.
ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, წარიმართება პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.
ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს.
სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებელი სასამართლო კი, ნიშნავს უკეთ დაცულ ადამიანის უფლებებს, უკეთ უზრუნველყოფილ სამართლის უზენაესობას და მეტად განმტკიცებულ სამართლებრივ სახელმწიფოს.
მართლმსაჯულების სფეროში მიღწეულ ფუნდამენტურ პროგრესს ცხადყოფს გასული წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები, კერძოდ:
მაგალითისათვის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში 15-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი; 82 პროცენტიდან 51 პროცენტამდე შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 48 პროცენტიდან 75 პროცენტამდე გაიზარდა კერძო პირთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი საგადასახადო დავების მაჩვენებელი; 17 პროცენტიდან 5 პროცენტამდე შემცირდა სახდელდადებულ პირთათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; მკვეთრად (რამდენჯერმე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა და ა.შ.;
IPSOS France-ის, Amicus Curiae-ს და პროფესორ იან ვან დაიკის მიერ 2018 წლის მიწურულს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოიკვეთა სასამართლო რეფორმების სამივე ეტაპის შედეგების საზოგადოებრივი აღქმის დადებითი ტენდენციები. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 51 პროცენტმა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დადებითად შეაფასა, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ევრობარომეტრის 2018 წლის კვლევის საშუალო მონაცემს (52%) შეესატყვისება და ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში (ხორვატია, სლოვენია, ბულგარეთი და სხვ.) გამოვლენილ შედეგებს (23-30%) მნიშვნელოვნად აღემატება. აღსანიშნავია, რომ კვლევის გამოქვეყნების მომენტში, IPSOS France მსოფლიოს საუკეთესო კვლევითი ორგანიზაციების სამეულში შედიოდა;
2021 წლის მარტში გამოქვეყნდა ,,ჰერითიჯის ფონდის“ კვლევა, რომლის თანახმად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და „უმეტესად თავისუფალ“ ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველო ევროპის რეგიონში 45 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა;
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი კონტრაქტის აღსრულებისა და სასამართლო პროცესის ხარისხის ინდექსში დადებითმა შეფასებამ შეასრულა;
აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ყველაზე აქტიური შეტევის ფონზე, ამა წლის ივნისში კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის (რომელშიც შედიოდნენ გაეროს ინიციატივით დაფუძნებული კვლევითი ორგანიზცია ,,Sustainable Development Solutions Network”-ის ექპერტებიც) მიერ მომზადებული 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველო მართლმსაჯულებაზე წვდომის თვალსაზრისით ევროპის ქვეყნების ოცეულში შევიდა.
მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული, მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია, რომელშიც ჩართული არიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, მათი გავლენის ქვეშ მოქმედი მედიასაშუალებები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კამპანია წარმოებს საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით, მათ შორის სასამართლოს წინააღმდეგ ხელოვნური იარლიყების გამოგონებით. ვხედავთ მცდელობას, მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია ისეთი ფორმებით (სატელევიზიო კლიპებისა და ფილმების ჩათვლით), რომელთა სასამართლოს წინააღმდეგ გამოყენება ყოვლად გაუგონარი მოვლენაა და გონივრულობისა და ეთიკურობის ყოველგვარ ზღვარს სცდება. არც ერთი ეს კამპანია არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას, რომ, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების რეალიზების თვალსაზრისით, საქართველოში რაიმე სისტემური პრობლემა არსებობს.
ჩვენ, მოსამართლეები, მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი ჯანსაღი კრიტიკა და შენიშვნები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების შემდგომ გაძლიერებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. თუმცა, არავის აქვს უფლება, ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოებს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას ნიშნავს, რისი მნიშვნელობაც, ჩვენ, მოსამართლეებს ყველაზე უკეთ გვესმის.
ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია მოსამართლეების მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების დოკუმენტს ახსენებენ და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
იგივე არგუმენტაციით კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
17 ივნისს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
22 ივნისს აშშ–ის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველ გუნდს რეფორმებამდე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის სეჩერების ვალდებულება:
"სანამ რეფორმების პროცესი დაიწყება, პოლიტიკური ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაიმართებოდა დებატები, თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით.
შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოილაპარაკეს ამაზე და შეთანხმდნენ ამ პროცესის შეჩერებაზე მანამ, სანამ სასამართლო რეფორმაზე სრულფასოვანი დებატები არ გაიმართება. საქართველოს კონსტიტუცია ცხადად მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს სერიოზული ვალდებულება და დაპირებაა ქართველი ხალხის წინაშე.
საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პროცედურების და პროცესების უმეტეს ნაწილს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა საერთო კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების მიერ და სხვა კანონმდებლობით, რომელთა ამოქმედება და კორექტირება პარლამენტის უფლებამოსილებაა.
ახლა პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და 19 აპრილის ხელშეკრულებით, შეაჩეროს დანიშვნების პროცესი და უზრუნველყოს დებატები, უზრუნველყოს წინა რეფორმების შეფასება, რაც ასევე არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებით, რათა საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებული იყოს, რომ სასამართლო სისტემა არის ისეთივე ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სერიოზულად მოეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას და გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით, რაც გულისხმობს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ არ გაიმართება სრული და ინკლუზიური დებატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით".
მოგვიანებით საელჩომ გამოაქვეყნა დოკუმენტი და ყვითელი მარკერით მონიშნა პუნქტი, სადაც სასამართლოს საკითხზე საუბარი.
შეგახსენებთ ასევე, რომ შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც მათ შორის, მმართველი პარტია აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


