ღარიბაშვილი – ნარკოპოლიტიკაზე: "სირცხვილია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი მოქმედი კანონები გვაქვს"
25/06/2021 17:43:04 პოლიტიკა
"ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანმრთელი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება. ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას მიერ დასმულ კითხვას უპასუხა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილმა იაგო ხვიჩიას შესთავაზა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე ერთად იმსჯელონ.
„რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას. სირცხვილია, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის დროინდელი მოქმედი კანონები გვაქვს. რატი ბრეგაძის ინციატივა სწორედ ამას შეეხება, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, 2024 წლამდე არცერთი კანონი არ იყოს საბჭოთა კავშირის დროინდელი, ის ჩანაცვლდეს თანამედროვე კანონებით და ევროკავშირის კანონმდებლობასთან იყოს ჰარმონიზაციაში. ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, ლიბერალიზაციის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მზად ვართ, თქვენგან კონკრეტული ინიციატივები მოვისმინოთ და პარლამენტში ვიმსჯელოთ ამის თაობაზე. მთავრობაც მზაობას გიცხადებთ, რომ ამ დისკუსიაში ჩავერთვებით. აქ ერთგვარი დაბალანსება უნდა მოხდეს, რომ არ წავახალისოთ მძიმე ნარკოტიკები, ვინაიდან, ეს ეხება ახალგაზრდა თაობას, შვილებს, მომავალ თაობას. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება. ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.


