"რელიგიის სააგენტო ძალიან ნაყოფიერად მუშაობს"
25/06/2021 17:24:59 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით, მთავრობის მიერ დაფუძნებული რელიგიის საკითხთა სააგენტო “ძალიან ნაყოფიერად მუშაობს”.
“სხვათა შორის, თქვენ ახსენეთ რელიგიის სააგენტო. მე არ ვიცი, რატომ ეწინააღმდეგებით ამ სააგენტოს, რომელიც ძალიან ნაყოფიერად მუშაობს ჩემი შეფასებით. ჩემს დროს შეიქმნა ეს სააგენტო და საბჭოთა კავშირის დროს დაზარალებულ კონფესიებს დავუნიშნეთ დაფინანსება, რომლებიც საერთოდ მივიწყებულები იყვნენ და თქვენ იცით, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წინა ხელისუფლების დროს რელიგიის მსახურები. არავითარი ყურადღება ექცეოდათ მათ. სწორედ ჩემი მთავრობის დროს გამოიყო დაფინანსება და ვაპირებ, გავუზარდო დაფინანსება წელსაც და გაისად. მათ შორის, მათთვის მინდა, რომ გამოვყოთ რეზიდენცია და ა.შ. გვაქვს დაგეგმილი ასევე მეჩეთების დაკანონება, რომლებიც წლებია, ჩამოკიდებულია ჰაერში და რატომღაც არ უკანონდებოდათ. არადა, მათ სარგებლობაში იყო. ესეც დავალებული მაქვს. დავალებული მაქვს ასევე სხვა მიმდინარე პრობლემების მოგვარება”.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა. სააგენტო მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისთვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. კრიტიკოსები ამბობენ, რომ აღნიშნული უწყება უმოქმედოა და ის უნდა გაუქმდეს.


