"რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სერიოზულ დესტაბილიზაციას ქმნის ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე"
24/06/2021 08:55:19 პოლიტიკა
"დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო თანამშრომლობის ახალი ფორმატის წარსადგენად და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" გასაძლიერებლად გზების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან, მოლდოვას მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ აურელიო ჩოკოისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც იცით, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ ერთი თვის წინ, სადაც ერთად მუშაობის პირობას ვდებთ. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად სხვა აღმოსავლელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან ერთად იმისთვის, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტი ვაქციოთ უფრო ეფექტური და ძლიერი თანამშრომლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც „ასოცირებულ ტრიოს“ აერთიანებს, არის ასოცირების შეთანხმების განხორციელება,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არაერთი საერთო გამოწვევის წინაშე დგანან:
„ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მიზნის გარდა ჩვენი ქვეყნები არაერთი მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან და მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან გვემსჯელა. გადაუჭრელი კონფლიქტები რუსეთთან უდიდეს გამოწვევად რჩება ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსეთის მიერ ანექსიის მცდელობა და საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის რეგიონების უკანონო ოკუპირება და გადაუჭრელი კონფლიქტი მოლდოვაში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, დემოკრატიას და ეკონომიკურ განვითარებას. რუსეთის ქმედებები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში სერიოზულ დესტაბილიზაციას ქმნის ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე. ჩვენ ამ კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის ერთგულები ვართ და მოუთმენლად ველით ევროკავშირის გაძლიერებულ ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით".
მან ჟოზეფ ბორელს მადლობა გადაუხადა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილი ვიზიტისთვის.
"იმედი მაქვს, ეს ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგავრებასა და ხელს შეუწყობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას,“- აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მან ზაზა გახრლააძის უკანონო პატიმრობაზეც ისაუბრა:
„საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ამჟამინდელი კონტექსტი და დამძიმებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის საკითხი ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის უმაღლეს დონეზე უნდა ავიყვანოთ. მსურს, ყურადღება გავამახვილო საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებაზე. ზაზა გახელაძეს ესროლეს, დაჭრეს, დაატყვევეს და უკანონოდ დააპატიმრეს საოკუპაციო ძალებმა. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ უგულვებელყოფს რუსეთის რეჟიმი ჰუმანიტარულ საკითხებს და მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობს".


