აშშ–ის ელჩი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვნად განხორციელებისკენ მოუწოდებს
23/06/2021 16:08:54 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქართულ პოლიტიკურ პარტიებს 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვნად განხორციელებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ მან იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი იუსტიციის სამინისტროსთან მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში, გასული წლის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ჩვენ ვიხილეთ, თუ რა ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ სასამართლო რეფორმის დებულებებზე, რომლებიც შევიდა 19 აპრილის შეთანხმებაში. მოვუწოდებთ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება, როგორც არსებითად, ისე სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება", – განაცხადა ელჩმა.


