ზურაბიშვილი – მოსამართლეების დანიშვნაზე: "19 აპრილის შეთანხმებაში წერია "პაუზა" და არა "შეჩერება"
23/06/2021 15:52:08 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება.
მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში წერია "პაუზა" და არა "შეჩერება".
"მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს. კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო და ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც ამერიკის ელჩთან საუბარი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი მიმართულებით, ეს იქნება საარჩევნო კოდექსი, ამნისტიის კანონი სამართლებრივი კუთხით და მივაღწევთ შედეგს, ამაში დარწმუნებული ვარ", – განაცხადა პრეზიდენტმა უკრაინაში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი განცხადებით, “ახლა ულტიმატუმის ენით საუბრის დრო არ არის”.
"მინდა, ყველას ვუთხრა, შედგა შეთანხმება, ახლა დროა, ამ დოკუმენტის მაქსიმალურად შესრულების და არ არის დრო დავუბრუნდეთ იმ გზავნილებს – ასე თუ არ მოიქცევი, მე გავალ, მე შევალ, მე არ შევალ. საზოგადოება ამით დაიღალა და ეს გამოჩნდება არჩევნებში. თუ ყველა არ მიხვდება, რომ საზოგადოებას უნდა წინსვლა, უნდა შედეგები. ჩვენ ეკონომიკურად რთულ პერიოდში ვართ, გამოვდივართ ამ კრიზისიდან. პანდემიაც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, ისმის სხვადასხვა ქვეყნებში შემაშფოთებელი გზავნილები ახალ შტამებზე, ამიტომ ფრთხილად ვიყოთ და არ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მოხსნილია, ვიფიქროთ წინსვლაზე. ეს იყო უკრაინაში ჩემი გზავნილი. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


