Accentnews.ge
პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მიიღო

22/06/2021 17:48:50 პოლიტიკა

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია მანდატების ნახევარს მაინც არ გამოიყენებს, სახელწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს პარლამეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.

ცვლილებების პაკეტი “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.

ამასთანავე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

ამ დროისთვის მხოლოდ „ლეიბორისტული პარტია“ აცხადებს უარს საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე. სხვა საპარლამენტო პარტიებიდან არჩეული დეპუტატბის ნაწილმა მანდატებით ისარგებლა.

„ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. თუკი პარტიას კანონის ამოქმედებისას ეს მანდატი შეწყვეტილი ექნება, მაშინ მას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გადახედვისკენ მოუწოდა:

"მსგავსი ინიციატივები განიხილება შემოთავაზებულ კანონპროექტში პარლამენტის რეგლამენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დეპუტატები დარჩებიან შემოსავლის გარეშე, თუ ისინი არ დაესწრებიან სხდომების უმეტესობას საპატიო მიზეზის გარეშე. ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის ხელფასის გადახდა სავალდებულოა".

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის საერთო მოსაზრების მიხედვით, უფრო პროპორციული და მისაღები გზა იქნება ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოიცავს ცალკეული დეპუტატებისთვის სანქციების დაკისრებას მათი ქმედებების შესაბამისად. ეს მეტად თავსებადი იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S