"კარგი იქნება, თუ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ"
22/06/2021 08:23:39 პოლიტიკა
ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და არა მხოლოდ მათი ნაწილი, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ დისკუსიის შედეგად დამტკიცდება ისეთი კანონპროექტი, რომელიც ყველა მხარისთვის და ქართველი ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობა იქნება.
„უნდა აღინიშნოს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ელემენტები ასევე ასახავს ვენეციის კომისიისა და "ოდირის" წინა რეკომენდაციებს, რომლებიც არ იყო შესრულებული. ვფიქრობ, კარგი ნიშანი იქნება, თუ ყველა რეკომენდაცია, როგორც დარჩენილი, ისე ბოლოს გამოქვეყნებული, გათვალისწინებული იქნება და არა მხოლოდ მათი ნაწილი. ეს არის საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საარჩევნო კანონპროექტი არის ნამდვილად ყოვლისმომცველი და ითვალისწინებს იმ ბევრ ხარვეზს, რომლებმაც კითხვები გააჩინა წინა არჩევნებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ცოტა დამაბნეველია, რატომ გაჩნდა საარჩევნო კანონპროექტი დღის წესრიგში ღამის 10 საათზე, თუმცა ეს იყო კარგი დასაწყისი და როგორც მესმის, იყო კარგი დისკუსია, რომელიც ვიმედოვნებ, გაგრძელდება და რომლის შედეგადაც შეიქმნება კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციისთვის, მმართველი პარტიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის და რაც მთავარია, ქართველი ამომრჩევლისთვის იქნება საქართველოში საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


