პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
22/06/2021 04:53:07 პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკომიტეტო მოსმენა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი თანხმდება, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებულია. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ რამდენიმე დეტალი, რომლებიც შედეგზე გავლენას იქონიებს, განსახილველი დარჩა.
პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
ცვლილებებს ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, მანამდე კი, ოთხშაბათს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
„გვაქვს ამბიცია, რომ ამ რეფორმით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები და ეს. რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მთლიანობაში როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ისე გამჭირვალობის უფრო მეტად გაზრდას. არის გარკვეული საკითხები, ძირითადად პროცედურული საკითხები, სადაც ვტოვებთ სივრცეს, რომ პლენარულ სხდომაზე ვიდრე განვიხილავთ ამ საკითხს, ვიმსჯელოთ და დავაახლოოთ პოზიციები, თუ ამის რესურსი იქნება. მაშინ, როდესაც სხვა ოპოზიციურმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ამბიციურ რეფორმას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს. ეს არის მათი რეალური სახე, როდესაც ისინი, ერთი მხრივ, საუბრობენ ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა, სადაც ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, იქ უკვე რეალურად მხარს არ უჭერენ. ამით მკაფიოა, რომ ეს ხალხი არ არის ორიენტირებული ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.


