ჟვანია – თანამდებობიდან გადადგომაზე: "არ ვაპირებ წასვლას"
21/06/2021 16:00:13 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.
თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაჩნდა, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნიეს და საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
ჟვანიას თქმით, მისი გადადგომისთვის არგუმენტები და მტკიცებულებები არ არსებობს, "პოლიტიკური სურვილების გამო კი ადამიანები თანამდებობას არ შეიძლება, ტოვებდნენ".
"როგორ ხედავთ, მე ვარ აქ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც საგამოძიებო კომისიაში არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება არ შემოსულა. მე მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, ეს არ არსებობს. რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენ გვაქვს არგუმენტები. ჩვენს უკან დგას სიმართლე. არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. ამას უნდა ჰქონდეს დასაბუთება და იმ პირობებში, როდესაც დასაბუთება არაა წარმოდგენილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეს, ვთვლი, რომ ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ან საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი, იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი, რომ ვინმე პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო წავიდეს. ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის და მტკიცებულების შედეგად და არა პოლიტიკური სურვილების გამო", – განაცხადა ჟვანიამ.


