Accentnews.ge
"ევროპარლამენტში გვიყვარს შენიშვნები, თუმცა სათანადოდ არ ვცდილობთ, მოვძებნოთ გზები, აღმოსავლეთ პარტნიორების მოტივაციის შესანარჩუნებლად"

"ევროპარლამენტში გვიყვარს შენიშვნები, თუმცა სათანადოდ არ ვცდილობთ, მოვძებნოთ გზები, აღმოსავლეთ პარტნიორების მოტივაციის შესანარჩუნებლად"

21/06/2021 15:30:31 პოლიტიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში ძალიან უყვართ შენიშვნების მიცემა, თუმცა სათანადოდ არ ცდილობენ, მოძებნონ გზები, აღმოსავლეთ პარტნიორების მოტივაციის შესანარჩუნებლად.

ამის შესახებ მან "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ–შეხვედრაზე CEPS–ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, პასუხი გაეცეს კითხვას, რა შეიძლება, გაკეთდეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის.

"თავდაპირველად მინდა, ვთქვა ორი რამ:

  • პირველ რიგში, ნამდვილი ინტეგრაცია არა მარტო საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონთან ინტეგრაცია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც.
  • მეორე, თუ ჩვენ გადავხედავთ ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს ბოლო ათი ან მეტი წლის განმავლობაში, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, ვერ ვიტყვი რომ სტაგნაცია, თუმცა ძალიან ნელი სვლა წინ.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნები წევრობისთვის უფრო ნათელ პერსპექტივას მოითხოვენ. ევროკავშირი კი ყოველთვის ერთი და იგივე ენით ესაუბრება – გაატარეთ რეფორმები და შემდეგ ვნახოთო. თუმცა ორგანიზაციას არ შეუძლია, მისცეს ბიძგი წინ. შექმნილ ვითარებაში ნათელი პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: რა შეიძლება, გაკეთდეს როგორც ასოცირებული ქვეყნების, ისე ევროკავშირის მხრიდან? ევროპარლამენტში ჩვენ ძალიან გვიყვარს იმის ახსნა, რა ტიპის რეფორმები უნდა გაატარონ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებმა, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მაგალითად, არსებობს პრობლემები კორუფციის, კანონის უზენაესობისა და მყიფე დემოკრატიის კუთხით. ჩვენ კარგად შეგვიძლია ამ პრობლემების ჩამოთვლა, თუმცა სათანადოდ არ ვცდილობთ, მოვძებნოთ გზა, რა უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან – ევროკავშირის მხრიდან, რათა შენარჩუნებული იყოს მათი მოტივაცია რეფორმებისთვის და უფრო ნათელი პერსპექტივა იმაზე, თუ რას შეუძლიათ, რომ მიაღწიონ", – განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარი მიესალმება საქართველოს მთავრობის გეგმას, წარადგინოს წევრობის განაცხადი 2024 წლისთვის, თუმცა იქვე დასძენს, რომ ევროკავშირი უამრავი შიდა გამოწვევის წინაშე დგას და რეალისტები უნდა ვიყოთ.

მისი თქმით, სწორედ შექმნილი ვითარების ფონზე CEPS–ის კვლევაში გაჟღერებული "რომანო პროდის ფორმულა" ძალიან საინტერესო იდეაა განსახილველად:

"რაც პოზიტიურია არის ის, რომ საქართველომ გადადგა ნაბიჯები პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია "ასოცირებული ტრიოს" შექმნა, მესამე მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველომ გააჟღერა, 2024 წლისთვის წევრობის განაცხადის წარდგენის გეგმაა. მე არ შემიძლია, ვიწინასწარმეტყველო რა იქნება საბჭოს ან სხვა ინსტიტუტების პასუხი, თუმცა ვფიქრობ, ეს ამბიცია ნამდვილად შექმნის გარკვეულ ახალ მომენტს ორივე მხარისთვის.

განაცხადი სერიოზულად უნდა იყოს მომზადებული საქართველოს მხრიდან, რათა რეალურ კანდიდატად იყოს განხილული ევროკავშირის ინსტიტუტების ​მიერ. ამასთან, ევროკავშირის ინსტიტუტებიც უნდა მოემზადონ და განაცხადს გარკვეული რაციონალური პასუხი გასცენ. თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს პასუხი ევროკავშირის მხრიდან. ყველასთვის ცნობილია, რომ ევროკავშირი მთელი რიგი შიდა გამოწვევების წინაშე დგას. მე არ ვიცი იქნება თუ არა მკაფიო პასუხი, როდესაც საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას. რიგი ქვეყნები, მათ შორის, საფრანგეთი ჯერ–ჯერობით არ არიან მზად, ნება დართონ ნებისმიერი ახალი ქვეყნის შემოსვლას. ასე რომ, კვლევაში გაჟღერებული "რომანო პროდის ფორმულა" ძალიან საინტერესო იდეაა განსახილველად. მიმაჩნია, რომ ეს ფორმულა მისაღები იქნება როგორც "ასოცირებული ტრიოსთვის", ისე ევროკავშირისთვის, რადგან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, შესაძლოა ამ მიდგომით მოგვარდეს", – განაცხადა კუბილიუსმა.

ცნობისთვის: ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა CEPS–მა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სახელმწიფოების ევროინტეგრაციის შედეგების ერთმანეთს შედარა და საქართველოსთან მიმართებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია.

კუბილიუსის მხარდაჭერით შექმნილ CEPS-ის კვლევა ჩამოთვლის წინადადებებს, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება შესთავაზოს "ასოცირებულ ტრიოს". იგი მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების სრულ სარგებელს და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის რომანო პროდის ფორმულას "ყველაფერი (წევრობის ყველა სარგებელი) ინსტიტუციების გარდა".

იხილეთ ასევე: საქართველოს სამოქმედო გეგმა ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარმატებისთვის – კუბილიუსის ანალიზი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S