"მირჩევნია, ბუკინგემში წავიდნენ, თუმცა ჩვენი კულტურა რუსეთშიც უნდა ვანახოთ"
21/06/2021 13:44:56 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ქართული თეატრის და მისი ინტელექტუალური დონის დემონსტრირება რუსეთის ფედერაციაშიც უნდა მოხდეს. ამის შესახებ ვოლსკიმ რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსთაველის თეატრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს.
"ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია. მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, არა მარტო რუსული საზოგადოების განსახილველად, იმ თემების წამოსაწევად, რაც ახასიათებს საქართველოს ახასიათებს მაღალი კულტურული დონე.
გარდა ამისა, არის ერთი საკითხი, რატომ არ უდგება წინ კულტურულ ინტერვენციას რუსული პოლიტიკური სტრატეგია და მათი ელიტა - სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ ფიქრობენ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით თვითონ ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნება ისეთი დაპირისპირება, რაც მისთვის პოლიტიკურად მოსახერხებელია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე და თქვენ ვიკამათოთ, ვიდრე ის, რომ ხელი არ შეუწყონ სხვადასხვა კულტურული კოლექტივების ჩასვლას. გარდა ამისა, არც მეპარება ეჭვი, რომ რუსთაველის თეატრის მთელი შემადგენლობა მთავარი რეჟისორიდან დაწყებული, ნებისმიერი მსახიობით დამთვრებული, პატრიოტია თავის ქვეყნის და სწორ შეფასებებს აძლევს ოკუპაციის ფაქტს", – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის: რუსთაველის თეატრი ადასტურებს, რომ დასი გასტროლით მოსკოვში მიემგზავრება. როგორც თეატრში აცხადებენ, ჩეხოვის ფესტივალში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ. მანამდე დასის მოსკოვში გამგზავრების თაობაზე ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსთაველის თეატრის მისამართით კრიტიკა ისმის, რომლის საპასუხოდ რობერტ სტურუა აცხადებს, რომ "ვინც საქართველო გაყიდა", ახლა რუსთაველის თეატრს "უჩმახებს".


