ღარიბაშვილი: "ვულოცავ ფაშინიანს არჩევნების წარმატებით ჩატარებასა და პირველადი შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის გამარჯვებას"
21/06/2021 13:33:30 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რიგგარეშე არჩევნების "წარმატებით ჩატარებასა და პირველადი შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის გამარჯვებას" ულოცავს.
“გულწრფელად ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების წარმატებით ჩატარებასა და პირველადი შედეგების თანახმად, პარტიის "სამოქალაქო კონტრაქტი" გამარჯვებას. ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს. მოუთმენლად ველი სომხეთის ახალ მთავრობასთან ერთად მჭიდრო მუშაობას”, – ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, ქვეყნის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო კონტრაქტი" ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა ყოფილი პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა (პარტია "სომხეთი") - 21.04%.
პარლამენტში შესასვლელად პარტიებმა ხმათა მინიმუმ, 5% უნდა დააგროვონ, ბლოკებმა კი - 7%. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა “სტაბილური უმრავლესობა”, რაც საპარლამენტო მანდატების 54%–ია, "სამოქალაქო კონტრაქტს" კი 0,8% აკლდება, ამდენად, ფაშინიანს საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიებთან მოუწევს კომუნიკაცია.


