"დროებითი საგამოძიებო კომისია იმსჯელებს და ცსკ–ის კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე მიმართავს"
18/06/2021 15:30:31 პოლიტიკა
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია იმსჯელებს და ცსკ-ის კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე მიმართავს.
მისი თქმით, კომისიას აქცენტი ჰქონდა აღებული ყველაზე პრობლემურ უბნებზე, სადაც იყო როგორც დისბალანსი, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ამ უბნებზე დაწერილი იყო არაერთი საჩივარი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
„დროებითი საგამოძიებო კომისია შეიკრიბება და გაანალიზებს გასაუბრებების შედეგებს და მიღებულ ახსნა-განმარტებებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეგლამენტიდან გამომდინარე კომისია იმსჯელებს, რომ მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე იმისთვის, რომ სამომავლოდ გათვალისწინებული იქნეს დაშვებული შეცდომები“, - განაცხადა მიქანაძემ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს დაასრულა ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეების გამოკითხვის პროცესი.


