ვენეციის კომისია და OSCE/ODIHR: "საჭიროა საარჩევნო კანონის უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა"
18/06/2021 15:14:47 პოლიტიკა
"საჭიროა საარჩევნო კანონის უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა", – ამის შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR–ის ერთობლივ დასკვნაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმართული მცდელობების შერყევის საფრთხეს ქმნის, ამიტომ "საჭიროა საარჩევნო კანონის უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა და ყველა რეკომენდაციისა გათვალისწინება, რათა თავიდან იქნას აცილებული ხშირი ცვლილებები და მიღწეულ იქნას სტაბილურობა“.
"ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში უნდა ემყარებოდეს მინიმუმ, შემდეგ სამ არსებით ელემენტს: მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს; კანონმდებლობის მიღებას ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ; და პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ ამგვარი კანონმდებლობა სრულყოფილად განხორციელდეს. კონსულტაციისა და ამგვარი ცვლილებების მომზადების ღია და გამჭვირვალე პროცესი ზრდის ნდობას მიღებული კანონმდებლობისა და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", – ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან, ვენეციის კომისია და OSCE/ODIHR აცხადებს, რომ "19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში დაბრუნება და შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის გადასინჯვა ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აშკარად მისასალმებელია. თუმცა ყველა არჩეულ ოპოზიციურ პარტიას ჯერ–ჯერობით შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია და საპარლამენტო მანდატები არ მიუღია".
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასკვნა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თხოვნის საფუძველზე მომზადდა.


