გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა და აცხადებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული
17/06/2021 09:22:47 პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. ვაშაძე ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრია.
როგორც ჟურნალისტებს ვაშაძემ განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული.
„აქტიურად ვიქნები ჩართული. სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, ფრაქციის წევრებთან. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი – 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება“, – განაცხადა ვაშაძემ.


