გახარიას შეხვედრას ევროპარლამენტარებთან ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძეც ესწრებოდა
17/06/2021 05:44:06 პოლიტიკა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. როგორც პარტიის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ერთ–ერთი ფოტოდან ირკვევა, აუდიენციას ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძეც ესწრებოდა.
პარტიის პრეს–სამსახურის ცნობით, ევროპარლამენტში შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტართან - „ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ გალერთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან რიჩარდ ტიბელსსთან, ხოლო ევროპარლამენტარებთან - ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან გიორგი გახარიას შეხვედრა სამუშაო სადილზე შედგა.
"შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. „ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე გიორგი გახარიამ განიხილა საქართველოში დაგეგმილი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მათ საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დილიდან დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ. გიორგი გახარია უკვე შეხვდა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთოს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს მიხაილ ზიბერტს“,-აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუმცა განცხადებაში ნახსენები არ არის ნატა საბანაძე, რომელიც თანდართულ ფოტოში, გახარიასთან ერთად ჩანს.
დეტალების გარკვევის მიზნით "აქცენტი" გახარიას პრეს–სამსახურს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც ევროპული მედიაციის პირველმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.
23 მარტს ფრანგულმა გამოცემამ Le Monde საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ კრიზისში ევროკავშირის ჩართულობაზე სტატია გამოაქვეყნა. გამოცემასთან საუბრისას ნატალია საბანაძე ადასტურებდა, რომ გადადგომამდე "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა".
"ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ პროევროპელია. თუმცა თქმა საკმარისი არ არის, უნდა ვიყოთ" – აცხადებდა საბანაძე.


