Accentnews.ge
ჯანეზაშვილი: "საბჭო ხვალ მოსამართლის 100-ზე მეტ ვაკანსიაზე მიიღებს გადაწყვეტილებას"

ჯანეზაშვილი: "საბჭო ხვალ მოსამართლის 100-ზე მეტ ვაკანსიაზე მიიღებს გადაწყვეტილებას"

16/06/2021 15:16:05 პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, საბჭო 17 ივნისს, კენჭისყრას ჩაატარებს მოსამართლეების წარდგენის, დანიშვნისა და გადაყვანის შესახებ. ამის შესახებ ჯანეზაშვილი facebook-ზე წერს.

მისივე თქმით, ხვალ 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

"მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ. მოსამართლის 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას: 9 - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა, 88 - ქვედა ინსტანციაში დანიშვნა, 8 - ქვედა ინსტანციაში გადაყვანა", - წერს ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხვალ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლე.

"სავარაუდოდ, ხვალ გახდება საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლე. კენჭისყრები გაიმართება შემდეგი თანამდებობებთან დაკავშირებით:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით

2. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა დანიშვნის მიზნით

3. თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა დანიშვნის მიზნით

4. საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცედურაში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა

5. თბილისის საქალაქო/სააპელაციო სასამართლოს კოლეგიების/პალატების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია, რაც უმეტესობამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის დარღვევად მიიჩნია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S