"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა უახლოეს მომავალში კვლავ არ ჩანს. დროა, ქმედებებზე გადავიდეთ"
15/06/2021 13:33:43 პოლიტიკა
ნატო-ში უნდა ჰქონდეთ შემოქმედებითი მიდგომა, რათა ასპირანტი ქვეყნები ფინიშის ხაზთან მიიყვანონ.ამის შესახებ „ჰერითეიჯ ფაუნდეშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ "საქართველოს რადიოსთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას 2008 წელს დაჰპირდნენ და ახლა 13 წლის შემდეგ წევრობის პერსპექტივა უახლოეს მომავალში არ ჩანს, რაც მიუღებელია.
როგორც ლუკ კოფი აცხადებს, მისი ინიციატივაა, რომ "ნატო-მ მიიპატიჟოს საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ამავე დროს ალიანსის წესდების "მეხუთე მუხლი" დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვიდრე რუსეთთან კონფლიქტი მშვიდობიანად არ მოგვარდება".
„ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში ეს გამართლებულია, რადგან საქართველოს უკვე აღებული აქვს ცალმხრივი ვალდებულება, რომ ამ ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალას არ გამოიყენებს. თუ საქართველოს ეს ვალდებულება ისედაც აქვს აღებული, მაშინ რაში სჭირდება ამ ტერიტორიებს ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია? ჩემი აზრით, ეს უსარგებლო დაბრკოლებაა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებისთვის და ამავე დროს, სწორედ ეს აძლევს რუსეთს დე ფაქტო ვეტოს. ძალიან დავიღალე წლების განმავლობაში, კონფერენციიდან კონფერენციამდე, სამიტიდან სამიტამდე ერთი და იმავე ფრაზების მოსმენით: საქართველო ნატო-ს გზას ადგას, საქართველო პროგრესს განიცდის, ნატო-საქართველოს ახლო ურთიერთობები აკავშირებთ. ცხადია, ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა და დროა ქმედებებზე გადავიდეთ. ეს კი მოითხოვს ლიდერობას და შემოქმედებით მიდგომას“, – განაცხადა კოფიმ.


