კობახიძე სპეც–ოპერაციებს იხსენებს და გახარიას პასუხისმგებლობას წარსულზეც აკისრებს
14/06/2021 18:31:18 პოლიტიკა
თუ აქამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობდა ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებასთან ექს–პრეზიდენტის გარკვეულ კავშირშე, „მთავარი არხის“ ეთერში მან გახარიას პასუხისმგებლობა წარსულზეც დააკისრა. კერძოდ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ 1–წლიან მონაკვეთში რაიმე პრობლემა დაუგროვდა, ყველაფერი გახარიას მიერ ორგანიზებულ სპეც–ოპერაციებს უკავშირდებოდა. ამ კონტექსტში მან ახსენა სვანეთში, კლუბ „ბასიანში“, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციები.
კობახიძის შეფასებით, სპეც–ოპერაციები ცუდად იყო დაგეგმილი.
„რაც კი პრობლემა დაგროვდა, ყველა უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ, შესრულებულ სპეცოპერაციებს, რომელიც სწორედ გახარიას უკავშირდებოდა. ეს იყო შეცდომები, არასწორი მენეჯმენდის შედეგი თუ გავლენები, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ეს თეორიულად შესაძლოა, სისხლის სამართლის ან პოლიტიკური დანაშაული იყოს“,– განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ 17 თებერვლამდე, ვიდრე გახარია გადადგებოდა, ყველაფერი შეცდომები ეგონა.
კითხვაზე, მაშ რატომ ხდებოდა გახარიას რეკლამირება, როგორც კრიზისმენეჯერის, კობახიძემ განაცხადა, რომ ამის საშუალება გუნდს პანდემიის პერიოდმა მისცა.
მისივე თქმით, "20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში იყო ასეთი მოსაზრება, რომ გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა და ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო. თუმცა რაღაცამ შეცვალა შემდეგ ეს გადაწყვეტილება".
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, კობახიძე პასუხობს, "რაღაცამ შეცვალა და არა ვიღაცამ ვერ ვიტყვი რა იყო ეს რაღაც, თუმცა ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება".
მისივე თქმით, ეს იყო გახარიასთან დაკავშირებული "გარე ფაქტორი".
მისივე თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლაზე გახარია იღებდა გადაწყვეტილებებს, თავად იყო პასუხისმგებელი ოპერაციაზე". რის შემდეგაც, კობახიძის თქმითვე, გუნდში გახარიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან "ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი".
შეგახსენებთ, რომ გახარია პრემიერად, მიუხედავად ქუცაში გასული ახალგაზრდების პროტესტისა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგნა.


