დეგნანი – გახელაძეზე: "გულისმომკვლელია, როგორ იყენებს რუსეთი ადამიანის სიცოცხლეს"
14/06/2021 11:37:50 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმითი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში ჩავიდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც.
"მოხარული ვარ, რომ მქონდა ზაზას ოჯახთან შეხვედრის შესაძლებლობა. ძალიან გულისმომკვლელი და გასაბრაზებელია, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანის სიცოცხლეს. კიდევ ერთხელ მტკიცედ და მკაფიოდ მსურს გამოვხატო აშშ-ის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ჯარი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დგას". - თქვა აშშ-ის ელჩმა.
ზაზა გახელაძის ოჯახმა პრემიერ–მინისტრს მოქმედებისთვის ვადა 23 ივნისამდე მისცა, შემდეგ კი უწყვეტ აქციებს აანონსებენ.


