Accentnews.ge
ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ  ბაიდენმა პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხიც უნდა განიხილოს

ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ  ბაიდენმა პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხიც უნდა განიხილოს

14/06/2021 11:24:24 პოლიტიკა

ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას, მათ შორის, საქართველოს საკითხი უნდა განიხილოს.

როგორც ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა, ბაიდენმა პუტინთან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ხაზგასმით უნდა აღნიშნოს და ზეწოლა გერმანიასა და საფრანგეთზეც უნდა მოახდინოს.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ უნდა გააკრიტიკოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მან ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული და ზეწოლა უნდა მოახდინოს არა მხოლოდ კრემლზე, არამედ გერმანიასა და საფრანგეთზეც, რათა რუსულმა ძალებმა ქართული ტერიტორია დატოვონ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ბაიდენმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ–ის ყოვლისმომცველ სტრატეგიაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება:

„ამასთან, ბაიდენმა პუტინს უნდა განუცხადოს, რომ შეერთებული შტატები შეიმუშავებს უფრო ფართო სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონისთვის, მათ შორის, უკრაინის; საქართველოსა და დანარჩენი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების; ბალკანეთის სახელმწიფოების და რა თქმა უნდა, თურქეთისთვის. მაგრამ, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და უკრაინამ უზრუნველყონ ლიბერალური დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ძლიერი ინსტიტუტები და გახდნენ უფრო მიმზიდველები ამერიკული / დასავლური ინვესტიციებისთვის. მაგალითად, როგორიცაა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს ნამდვილი ჰაბი ევროპასა და ევრაზიას შორის. ეს კი, რა თქმა უნდა, რუსეთს არ სურს".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსი დანიელ ფრიდი აცხადებს, აშშ და დემოკრატიული სამყარო საქართველოს დანაწევრებას არ უნდა შეეგუოს.

”ვიმედოვნებ და მოველი, რომ საქართველო ნამდვილად იქნება იმ საკითხთა შორის, რომელთაც პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის ლიდერ პუტინთან შეხვედრისას დააყენებს. აშშ და ზოგადად დემოკრატიული სამყარო საქართველოს დანაწევრებას არ უნდა შეეგუოს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ამ საკითხის აქტუალობა და უნდა ვაყენებდეთ მას ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება. პარალელურად, უნდა გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა, რამდენადაც იგი აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და წინააღმდეგობას უწევს კრემლის აგრესიას", – განაცხადა ფრიდმა "აქცენტთან" საუბრისას .

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბაიდენი შეხვედრაზე, მათ შორის უკრაინისა და ბელარუსის საკითხებს დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ჯო ბაიდენმა, რომელიც იმჟამად აშშ–ის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S