"მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ნატო–ს სამიტის დეკლარაციის ტექსტი არის ძალიან კარგი"
14/06/2021 11:32:37 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო–ს დღევანდელი სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი აქტიური განხილვის თემა იქნება.
მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ "სამიტის დეკლარაციის ტექსტი არის ძალიან კარგი".
“სულ რამდენიმე საათში იხილავთ ტექსტს [სამიტის დეკლარაციას]. მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ტექსტი არის ძალიან კარგი და მასში არის ასახული ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს ნატო–ში ინტეგრაციის კუთხით. მაქვს მოლოდინი, რომ გამეორდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ალიანსის წევრი.
ამასთან, საუბარი იქნება ოკუპაციასთან დაკავშირებით. იმასთან მიმართებაში, რომ რუსეთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ხაზგასმა იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო–ში საბოლოო წევრობისთვის.
ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით ყველა ძირითადი პრიორიტეტი იქნება ასახული სამიტის დეკლარაციაში”, — განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ასევე მიღებული იქნება ნატო–ს 2030 წლის სტრატეგია, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით "ღია კარის" პოლიტიკა იქნება მხარდაჭერილი:
“გარდა ამისა, იქნება მიღებული ცალკე დოკუმენტი. ეს გახლავთ 2030 წლის სტრატეგია. ეს არ არის საჯარო დოკუმენტი და დიდი ალბათობით, საჯაროდ არ გამოქვეყნდება. მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოსთან მიმართებაში არსებული დეფინიციები "ღია კარის" პოლიტიკის კონტექსტში ასევე იქნება წარმოდგენილი ამ დოკუმენტში”.


