Accentnews.ge
ვინ არის ნეთანიაჰუს შემცვლელი ბენეტი

ვინ არის ნეთანიაჰუს შემცვლელი ბენეტი

14/06/2021 06:15:02 პოლიტიკა

ისრაელის ოპოზიციური პარტიების შეთანხმებამ კოალიციური მთავრობის ფორმირების თაობაზე ქვეყნის 120–კაციან პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. კერძოდ, ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, „ქნესეთში“ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფტალი ბენეტის და იაირ ლაპიდის ე.წ. ცვლილებების მთავრობას 120 დეპუტატიდან 60-მა დაუჭირა მხარი, 59 კი წინააღმდეგი იყო.

აღნიშნულის შედეგად 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა.

ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ორი წლის შემდეგ ნაფტალი ბენეტი თანამდებობას პარტია „იეშ ატიდის“ (არის მომავალი) ლიდერ იაირ ლაპიდს დაუთმობს.

მემარჯვენე-მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა

კოალიციის წევრები ისრაელის პოლიტიკის სრულ სპექტრს მოიცავს. ეს პარტიებია:

  • ლაპიდის „მომავლის პარტია“ (იეშ ატიდი) ცენტრისტული პოლიტიკური ძალა;
  • ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ (კახოლ-ლავანი),
  • პარტია „ისრაელი - ჩვენი სახლი " - ლიდერი ავიგდორ ლიბერმანი ;
  • მერავ მიქაელის „ლეიბორისტული პარტია“;
  • „იამინა“, რომლის ლიდერია ნაფტალი ბენეტი და რომელმაც პარლამენტში 7 ადგილი მოიპოვა;
  • გიდეონ საარის პარტია „ახალი იმედი“ ;
  • ნიცან ჰოროვიცის პარტია „მერეცი“ ;
  • ისრაელ არაბთა პარტია „არაბთა გაერთიანებული სია“, რომლის ლიდერია მანსურ აბასი.

ხსენებული პარტიების პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, ერთადერთი რაც მათ აერთიანებდათ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეცვლის გეგმა იყო.

იაირ ლაპიდის "იეშ ატიდი" ცენტრისტული პოლიტიკური ძალაა. თავად ლაპიდი ყოფილი ჟურნალისტია. პარტია 2015 წლის შემდეგ ოპოზიციაშია და საშუალო ფენის სეკულარულ ამომრჩეველთა შორისაა პოპულარული. ლაპიდი ნეთანიაჰუს ხშირად აკრიტიკებდა "ულტრაორთოდოქს პარტიებთან მჭიდრო კონტაქტისთვის".

ახალ კოალიციაში შემავალი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის „ისრაელი - ჩვენი სახლი" ლაიცისტურ-ნაციონალისტური პარტიაა. ამასთან, პარტია "მერეცის" ლიდერი ნიცან ჰოროვიცი მემარცხენეა, ხოლო ულტრანაციონალისტური პარტია „იამინა“ – მემარჯვენე. ამრიგად, ისრაელის კოალიცია სამ ძალას - მემარჯვენეებს, მემარცხენეებსა და ცენტრისტებს აერთიანებს.

ვინ არის ნაფტალი ბენეტი

მულტიმილიონერმა ნაფტალი ბენეტმა, რომელიც ყოფილი მეწარმეა, პოლიტიკაში მკაცრი რელიგიურ-ნაციონალისტური რიტორიკით გაითქვა სახელი.

მან 2005 წელს 145 მილიონ დოლარად გაყიდა თავისი ბიზნესი და პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა. 2006 წელს იგი იყო ნეთანიაჰუს საარჩევნო შტაბის უფროსი (ნეთანიაჰუ მაშინ ოპოზიციაში იყო). 2010 წელს ბენეტი გახდა "იეშას" საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ებრაელ ჩასახლებებს ლობირებს. პოლიტიკოსი პალესტინელების მიმართ მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა. 2013 წელს მან თქვა, რომ "პალესტინელი ტერორისტები უნდა მოკლან და არ გაათავისუფლონ". მისივე თქმით, "დასავლეთი სანაპირო არასოდეს ყოფილა პალესტინის სახელმწიფო". მისი პარტია ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ანექსიისკენ მოუწოდებს. იგი ეკონომიკის მიმართ ულტრალიბერალური და ხოლო ირანის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომების მომხრეა.

ბენეტი სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრების თანამდებობას იკავებდა.

კრიტიკოსები 49 წლის ბენეტს ნაციონალისტ ამომრჩეველთა ღალატში ადანაშაულებენ, "რადგან იგი კოალიციურ მთავრობაშია მემარცხენე "მერეცთან" და ისრაელ არაბთა პარტიასთან".

საპასუხოდ ბენეტი აცხადებს, რომ დათანხმდა კოალიციური მთავრობის შექმნას, რადგან "ისრაელში მმართველობა აღდგეს და ქვეყანამ 2 წელიწადში რიგით მე–5 არჩევნების ჩატარება აიცილოს თავიდან".

ლიპიდთან მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში მან ძველ ებრაელთა ისტორია გაიხსენა და შემდეგი განაცხადა:

”ორი ათასი წლის წინ არსებობდა ებრაული სახელმწიფო, რომელიც აქ შიდა დაპირისპირების გამო დაეცა. ეს აღარ განმეორდება".

რამდენად მტკიცე იქნება კოალიციური მთავრობა

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი "აქცენტთან" საუბრისას აცხადებს, რომ კოალიციის მდგრადობას დრო გვიჩვენებს.

„კოალიციური მთავრობა ისრაელისთვის იმითაა მნიშვნელოვანი, რომ დასრულდება ნეთანიაჰუს მრავალწლიანი მმართველობა და დაიწყება ცვლილებები. ახალ კოალიციაში რეკორდულად ბევრი – 8 პარტია იქნება წარმოდგენილი. ამასთან, კოალიციაში პირველად იქნება წარმოდგენილი არაბული პარტია და ამ მხრივაც გამორჩეული მთავრობა იქნება. ახალი მთავრობის ფორმირებით იმედია, დასრულდება ის დიდი საარჩევნო მარათონი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ისრაელში, როდესაც 4 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ერთმანეთის მიყოლებით. დრო გვიჩვენებს, რამდენად მდგრადი იქნება იგი“, – აცხადებს ბატიაშვილი.

რაც შეეხება ისრაელში გაჟღერებულ მოსაზრებას, რომლის თანახმად, კოალიცია რადიკალურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, იქიდან გამომდინარე, რომ იგი არაბულ პარტიასაც მოიცავს, ბატიაშვილი აცხადებს, რომ „ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს“.

საქართველოს მოლოდინები

ბატიაშვილი ისრაელ–საქართველოს სამომავლო ურთიერთობებში რადიკალურ ცვლილებებს არ პროგნოზირებს.

„საქართველოსთვის არ მგონია, რომ ძალიან შეიცვალოს სიტუაცია. საქართველოსა და ისრაელს ძალზედ დადებითი, საუკუნოვანი ძმური ურთიერთობები აკავშირებთ ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება“, – დასძენს ბატიაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S