ზურაბიშვილმა და ნაუსედამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
11/06/2021 10:08:03 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
გიტანას ნაუსედას თქმით, ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა ძლიერი კავშირები აქვთ.
"ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ასევე, თავის დროზე ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ. ჩვენი გზა არ იყო მარტივი და ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი ტაქტიკური მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ასევე, ვხედავთ ასეთ მონდომებას ქართველ ხალხში. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
მოგვიანებით, პრეზიდენტებმა საერთო ბრიფინგი გამართეს, სადაც შეხვედრაზე განხილული საკითხები მოკლედ მიმოიხილეს.
საუბრის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილმა გაიხსენა პრეზიდენტ ნაუსედას გუშინდელი ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან და ახსენა ზაზა გახელაძე, როგორც „ადამიანების გატაცების სამწუხარო მაგალითი“.
"სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არა თუ ვხედავთ დეესკალაციის რაიმე ნიშანს, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები. არის გახელაძის სამწუხარო მაგალითი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, შეხვდა იქ ადამიანებს და გაეცნო მათ ძალიან მძიმე მდგომარეობას. ეს მისვლა საოკუპაციო ხაზზე ძალიან ბევრისმეტყველია და ჩვენს სტუმრებს, ჩვენს მეგობრებს აჩვენებს, თუ რამდენად მძიმე და რთულია ეს მდგომარეობა. ეს კიდევ უფრო აღრმავებს მათში სურვილს, რომ დაგვეხმარონ ამ კუთხითაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან ნატო–ს სამიტზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოსა და უკრაინის საკითხი და "ღია კარის პოლიტიკა“ იქნება ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები.
მისი თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტთან ისაუბრა კიბერუსაფრთხოებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იქნება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომდევნო სამიტი; ასევე, დააანონსა სამი ასოცირებული ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს – მიერ ერთობლივი ხედვის წარდგენა.
თავის მხრივ, ნაუსედამ მადლობას გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს „მეგობრული და თბილი მიღებისთვის“.
საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს ნატო-ს ოჯახის გარდაუვალ წევრად.
მისივე თქმით, საქართველოს გეგმა, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე, „ამბიციურია, თუმცა შესაძლებელი“.
"თქვენი მიზანი, 2024 წელს წარადგინოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თქვენი გამბედაობის დიდი დემონსტრირება", – განაცხადა ნაუსედამ.
როგორც მან აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, სადაც მან „რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ მხარდაჭერა" დააფიქსირა.
მისი თქმით, შეხვედრისას განიხილეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხიც. ნაუსედამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ლიეტუვისგან ვაქცინის 15 000 დოზას მიიღებს.


