PACE: "მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება და ეროვნული ინტერესი პარტიულზე მაღლა დააყენონ"
10/06/2021 06:44:10 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხში, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ ჯერნი (საფრანგეთი) მიესალმებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც ხელი საქართველოს პარტიების უმრავლესობამ მოაწერა და მხარეებს დოკუმენტის სრულფასოვნად განხორციელებისკენ მოუწოდებენ.
თანამომხსენებლები აღნიშნავენ, რომ შეთანხმების აღსრულების პროცესში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს და მათ, ვისაც დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია, ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.
"საქართველო გზაჯვარედინზეა. ყველა პოლიტიკურ ძალას და დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, ეროვნული ინტერესი და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროექტი, მათ პირად და პარტიის ინტერესებზე მაღლა დააყენონ",–ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.
ამასთან, კორლატეანი და ჯერნი ყურადღებას ამახვილებენ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის სრული ნდობა ექნება.
მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შეთანხმებული შეფასება დაეფუძნოს ინკლუზიურ პროცესს, ყველა შესაბამისი დაინტერესებული პირის მონაწილეობით.
გარდა ამისა, მათი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობის დაბალი დონე დაბრკოლებად რჩება.
"არ შეგვიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნოთ სათანადო შერჩევის პროცესის მნიშვნელობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყონ, რომ ეს კანდიდატები შეირჩევიან ინკლუზიურ, გამჭვირვალე, კონსესუსისა და დამსახურების საფუძველზე. ასევე მოვუწოდებთ უზრუნველყონ, რომ ამ პირებს დაინტერესებული მხარეებისა და პოლიტიკოსების ფართო მხარდაჭერა ჰქონდეთ. ეს მნიშვნელოვანია მათი ლეგიტიმურობისა და სასამართლო ინსტიტუის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის",-ნათქვამია განცხადებაში.
თანამომხსენებლები მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზეც საუბრობენ და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს, ნამდვილად დემოკრატიული გზით, საარჩევნო კანონმდებლობისა და შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, ისევე, როგორც დემოკრატიული არჩევნების, საერთაშორისო სტანდარტით.
ისინი მიესალმნენ საყოველთაო და კონსენსუსურ წესს, რომლის მიხედვით, შეიქმნა მიშელის შეთანხმებაში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ. მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, ამ ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მომავალი დასკვნის ყველა რეკომენდაცია სრულად შეასრულონ.
ამასთან, თანამომხსენებლებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს "საქართველოს რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო". ისინი მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, შეუმსუბუქონ მძიმე მდგომარეობა ოკუირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.


