კობახიძე – მელიაზე: "ვერ უშველა ვერც შინაურმა, ვერც - გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ"
09/06/2021 15:11:55 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია "კრიმინალად" რამდენჯერმე მოიხსენია.
მისი თქმით, მელიამ "უმრავლესობის წევრებს თითი უქნია და ეს ადგილი მოსათმენი არ იყო".
"პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ჩვენს კოლეგებს მოთმინებისთვის, ისინი 15 წუთის განმავლობაში ადამიანისგან, კრიმინალისგან ისმენდნენ მუქარებს, თითის ქნევას. ჩვენ, პატივი ვეცით პარლამენტს, პარლამენტარიზმს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, მაგრამ ძალიან ძნელი მოსათმენია, როდესაც ასეთ რამეს ვისმენთ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, არც მეტი არც ნაკლები, პარლამენტში შეჭრის მცდელობისათვის. ეს არის მძიმე, თუმცა ეს არის პოლიტიკური ცხოვრება, ეს არის ასევე შეგახსენებთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის და სწორედ ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით", – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მელიას "ვერ უშველა ვერც შინაურმა, ვერც - გარეულმა":
"ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის და ვერ იქნება. საზოგადოება ამას გასცემს სათანადო პასუხს. არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ, ბოლოს გახსოვთ, ნიკარონ მელიას ეს ცნობილი ფრაზა . ყველას ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა, ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამია და ვერც გახარიამ . ვერც ერთმა და ვერც მეორემ . ვერ გადავიხდი არ გამოვალ, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს , ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა. როცა, ამ შემთვევაშიც არ შეასრულა თავისი სიტყვები . ეხლა კი ფრაზები პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ესეც რომ გავიხსენოთ. პირველი ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება, თქვა ხატია დეკანოიძემ. როგორც ვხედავთ ბოლოს ქალბატონმა ხატიამ თავი გაიმეტა და შემოვიდა. ამ პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ- თაკო ჩარკვიანი. ისიც არის დღეს ჩვენი პარლამენტის სტუმარი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას - ლევან ბეჟაშვილი - ესეც არის დღეს პარლამენტის სტუმარი. 99,9 ვიმეორებ 99,9 პროცენტი პარლამენტში ვერ და არ შევალ-ნიკანორ მელია - როგორც ვხედავთ ხანდახან 0,1 მეათედი პროცენტიც მუშაობს. ამ და სხვა მრავალი ხმამაღალი ფრაზების ავტორებს დღეს მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა და მისი ლეგიტიმურობის მყარად აღიარება. რაც არის თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხმა ვერცერთი თავისი სიტყვა ვერ შეასრულა, მათ შორის ქალბატონმა თაკომაც და მინდა მივმართო ნაციონალებს, ყურადღებით მომისმინონ ნაციონალებმა განსაკუთრებით როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასევე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


