„ქართულმა ოცნებამ“ გავრილოვის პარლამენტში წამოჯდომის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა"
09/06/2021 11:13:12 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომის ინციდენტის გამო „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი გადაიხადა.
ამასთან, მან „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა, რომ მიუღებელია ასევე ინციდენტიც, რომელიც გავრილოვის „იმ სკამზე წამოჯდომის“ გამო პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტზე „შტურმის“ სახით განახორციელა:
„ის, რომ გავრილოვი არ უნდა დამჯდარიყო აქ, არის ელემენტარული ჭეშმარიტება, მაგრამ ისიც ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ არ შეიძლება ესეთი ინციდენტი პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს შტურმისათვის. და ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათ შორის დაზარალებულების მიმართ, თქვენც გაკისრიათ. ესეც კარგად გაითვითცნობიერეთ“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ ოპოზიციას.
მისი თქმით, "ეს იყო რუსული კარტის გათამაშება ოპოზიციის მიერ, ხელისუფლებაში გადატრიალებისა და ქაოსის შესატანად".
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენების გარდა, საქართველოს მძიმედ დაუბრუნდა ასევე ოპოზიციის მიერ განხორციელებული ბოიკოტის შედეგებიც. უმრავლესობის დეპუტატის თანახმად, სწორედ ამ თემების დასახურადაა საჭირო ამნისტია:
„მძიმედ დაუბრუნდა საქართველოს ის, რაც არჩევნების შემდეგ თქვენ გააკეთეთ და რაზეც მთელი ცივილიზებული საზოგადოება გეუბნებოდათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებში. აი ეს არის ეს ამინისტია, ეს არის ეს ხელშეკრულება, რომ რაღაცნაირად დავხუროთ ეს ყველაფერი და მიხვდეთ, რომ ამ თემით სპეკულაცია არ შეიძლება“.
პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ აღძრული საქმეებით განსაზღვრულ დანაშაულთა ამნისტიას ეხება და უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამნისტიაზე უარს არ აცხადებს.
19 აპრილის შეთანხმების თანახმად, დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსიაა დარეგისტრირებული. "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვთ ჩადენილი. ამ ეტაპზე ენმ კანონპროექტის არც ერთ ვერსიას არ უჭერს მხარს.


