სანიკიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს "ოცნების" მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს
09/06/2021 10:33:27 პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გუბაზ სანიკიძე ასახელებს პირობას, რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს.
ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მე ვიცი, რომ "ოცნებას" ახლა ცოტა ისეთი დღეები აქვს – ტროცკისტულ–გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი. გასაგებია ეს და გითანაგრძნობთ ამაში. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები – 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ თქვენ მოსულიყავით 24 საუკუნის შემდეგ ხელისუფლებაში. ოქროს ვარსკვლავები ხართ. ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან და თქვენგან ქართველ ხალხს ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია: როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიად გამსახურდიას სავარძელში? გაგვეცით ამაზე პასუხი ოფიციალურად. თუ პასუხს მივიღებ, მე გაძლევთ პირობას რომ ამას მხარს დავუჭერ", – განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის: 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსიაა დარეგისტრირებული. "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვთ ჩადენილი. ამ ეტაპზე ენმ კანონპროექტის არც ერთ ვერსიას არ უჭერს მხარს.


