დეპუტატი "ოცნებიდან" – ამნისტიის კანონზე: "რა მოხდება, რომ ეს აქტი საერთოდ არ მივიღოთ?!"
09/06/2021 10:00:54 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების” მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტში როგორი ცვლილებაც არ უნდა შევიდეს, მას მეორე მხარე მხარს არ დაუჭერს, აქედან გამომდინარე, მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილს ჰკითხა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს საერთოდ არ მიიღებს.
"როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს ახლა ამ ნორმატიულ აქტში, მეორე მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, დამერწმუნეთ, არ იქნება, ეს გამოცდილება არსებობს და მერე იქნება სალაპარაკო ტელევიზიებში და ქუჩაში იქნება მოწოდება, ამიტომ ასეთი შეკითხვა მაქვს: რა მოხდება, რომ ეს აქტი საერთოდ არ მივიღოთ?!",-განაცხადა კახაძემ.
კიდევ ერთი დეპუტატი, “ევროპელი სოციალისტების” წევრი ფრიდონ ინჯია დაინტერესდა არსებობს თუ არა კანონი, რომელიც პარლამენტს ამნისტიის მიღებას ავალდებულებს.
"კითხვა მაქვს, რომელ კანონშია ის, რომ ეს ამნისტიის კანონი ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ? არის თუ არა ასეთი კანონი, რომ აუცილებლად ეს კანონი უნდა მივიღოთ? მეორე, რამდენად დაზარალდება ჩვენი საზოგადოება თუ ჩვენ არცერთ ამ კანონს არ მივიღებთ?", - იკითხა ფრიდონ ინჯიამ.
19 აპრილის შეთანხმების თანახმად, დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსიაა დარეგისტრირებული. "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვთ ჩადენილი. ენმ კანონპროექტის არც ერთ ვერსიას არ უჭერს მხარს.


