გახარიამ ხაზარაძის საქმის იმგვარ დეტალებზე ისაუბრა, რაზეც წვდომა არ უნდა ჰქონოდა
08/06/2021 20:00:41 პოლიტიკა
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ “პირველის” ეთერში “თიბისი ბანკის” დამფძუნებლის, “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დეტალებზე ისაუბრა.
“ხაზარაძე მაგისტრ მოსამართლესთან ადვოკატთან ერთად მივიდა და თქვა, რომ შუამავალი ჩემი ოჯახის წევრი იყოო, ახლო ნათესავიო, ამიტომ, მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემო მაშინ, როდესაც ბადრი ჯაფარიძე ასეთი საერთოდ არ არის სამართლებრივად და იურიდიულად. ამ ადამიანებმა მოიკრიბონ გამბედაობა და თქვან, რაღაც მიზეზების გამო მაშინ ცრუობდნენ, ან რაღაც მიზეზების გამო დღეს ცრუობენ”, — თქვა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”, ტვ “პირველის” ეთერში.
მსგავსი დეტალები მას წესით, არ უნდა სცოდნოდა, რადგან გამოკითხვას მხოლოდ მოსამართლე, პროკურორი, ხაზარაძე და ადვოკატები ესწრებოდნენ. ხაზარაძის შენიშნვის შემდეგ, თუ საიდან იცოდა გახარიამ გამოკითხვის დეტალები, ექს–პრემიერმა დააზუსტა, რომ ის არა გამოკითხვის შინაარსზე, არამედ იმაზე საუბრობს, რაც თავად ხაზარაძემ თქვა გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან.
ამ განცხადების შემდეგ ხაზარაძემ მას დებატები სესთავაზა:
"გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი. გიორგი გახარია!
დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში
მოიტყუე- წერილზე
მოიტყუე- ანაკლიაზე
მოიტყუე-ბადრიზე
მოიტყუე თან ბევრი,
გელოდები პირდაპირ ეთერში..." - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასაგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, რომელშიც გარკვეული მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.
„ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ, 2019 წლის იანვარში დაიწყო მისი და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება “თიბისის ბანკში” 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მუქარა და შემდეგ გამოძიების დაწყება ემსახურებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას, ხაზარაძე-ჯაფარიძის რეპუტაციის დაზიანებას. პორტს ანაკლიაში სწორედ მათი დაფუძნებული “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” აშენებდა.
მოგვაინებით ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ წერილი პირადად მას გადასცა გახარიამ, რასაც გახარია უარყოფს.


