დეპუტატი ირწმუნება, რომ შუქრუთელების საკითხი მოგვარებულია
08/06/2021 14:30:42 პოლიტიკა, საზოგადოება
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ირწმუნება, რომ სახელისუფლებლო შტოების ჩართულობით და აქტიური თანამშრომლობით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შუქრუთელების საკითხი მოგვარებულია.
„ეს საკითხი უკვე არის მოგვარებული და გადაწყვეტილი. ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ პროტესტი, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მიაღწიეს კომპანიასთან შეთანხმებას და მიმდინარეობს ბოლო იურიდიული პროცედურები. ის, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰქონდათ პროტესტი და მათ გამოაცხადეს შიმშილობა და მიმართეს რადიკალურ ზომებს, ამას ჩვენი რეაქცია მყისიერად მოჰყვა. ჩართულობა იყო დარგობრივი სამინისტროების მხრიდანაც. პოლიტიკური განცხადებების გარდა, სამუშაო რეჟიმში ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ პროცესში.
„ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ არც მთავრობა და არც პარლამენტი არ ინტერესდება ადამიანების ბედით. პირიქით, სწორედ სახელისუფლებლო შტოების ჩართულობით და აქტიური თანამშრომლობით კომპანიასთან, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებით, საკითხი არის მოგვარებული“, — განაცხადა წილოსანმა.
ჭიათურის მკვიდრების პრობლემატიკაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა:
“ჭიათურაში სახელმწიფო არ არსებობს, გასულია მომსახურების ზონიდან”.
მან ხელისუფლება შუქრუთელი დემონსტრანტების მიმართ უყურადღებობისთვის გააკრიტიკა:
„მაინცდამაინც უნდა მოკვდეს რომელიმე მოშიმშილე, რომ მერე სამძიმრის განცხადებები გააკეთოთ? რას ელოდებით? ამ ადამიანებმა ღიად თქვეს, პირის ამოკერვაზე უფრო მტკივენული დუმილია, რომელსაც ვიღებთ ხელისუფლების მხრიდან. ეს ადამიანები მარტო არიან შეტოვებული ვითომ კომპანიას, რომელიც მათი ჯანმრთელობით და სიცოცხლით ვაჭრობს”.
8 ივნისის მდგომარეობით, კომპანიასთან მოლაპარაკებების „აქტიურ ფაზაში შესვლის“ ფონზე, შუქრუთელმა დემონსტრანტებმა, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციებს მართავენ, მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა კვლავ უარს ამბობენ საკვებზე.
შუქრუთელები მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას უკვე 100 დღეზე მეტია, მართავენ.
ერთ კვირაზე მეტია, ისინი თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან იმყოფებიან, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობენ და პირი აქვთ ამოკერილი, 4 ივნისს კი მათმა ნაწილმა წყლის დალევაზეც უარი განაცხადა და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
შუქრუთელი დემონსტრანტები ამ დროის განმავლობაში მუდმივად მიუთითებდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უყურადღებობაზე. მათი თქმით, სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტეს, პირამოკერილებს პროტესტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გაეგრძელებინათ.
აშშ-ის ელჩის წარმომადგენელი შუქრუთელებს შეხვდა კიდეც და უთხრა, რომ საელჩოს მხოლოდ შუამავლის როლის შესრულება შეეძლო მათი პრობლემის დასაძლევად.


