სარჯველაზე – ნინოწმინდის პანსიონზე: "პროცესები მოექცა ნორმალურ კალაპოტში, თუმცა ბევრი რამ ბოლომდე იქნება მისაყვანი"
08/06/2021 10:13:11 პოლიტიკა, საზოგადოება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ დროისთვის ვითარება იმაზე უკეთესია, ვიდრე ორი კვირის წინ იყო.
მისი თქმით, პროცესი “ნორმალურ კალაპოტში მოექცა, თუმცა ბევრი რამ ბოლომდე იქნება მისაყვანი".
"ის, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, არის სრულიად არანორმალური და დაუშვებელი რამ. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც მოხდა და საუბარი მეტ ან ნაკლებ ბრალეულობაზე არის სრულიად მეორეხარისხოვანი. ახლა ვითარება არის უკეთესი, ვიდრე 2 კვირის წინ იყო, რამდენადაც კითხვის ნიშნები ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ ნორმალურ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით აღარ არსებობს. სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ ბავშვების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. დასაფასებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, სასამართლომ, სახალხო დამცველმა, ყველამ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, რომლის შედეგადაც პროცესები მოექცა ნორმალურ კალაპოტში, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საფუძველს. ბევრი რამ ბოლომდე იქნება მისაყვანი. ეს ის სფეროა, სადაც კომპრომისი არის გაუმართლებელი“, - განაცხადა სარჯველაძემ.


