Accentnews.ge
რა თქვა რიკერმა საქართველოში ვიზიტისას – ძირითადი გზავნილები

რა თქვა რიკერმა საქართველოში ვიზიტისას – ძირითადი გზავნილები

08/06/2021 06:42:23 პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიკ რიკერი სტუმრობს.

როგორც საქართველოში აშშ–ის საელჩოში აცხადებენ, ვიზიტის მიზანია ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელების ხელშეწყობა და რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გამოხატვა.

თბილისში რიკერმა შეხვედრები გამართა, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი თემები, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების, რუსული აგრესიის, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ეკონომიკის საკითხები.

19 აპრილის შეთანხმება

რიკერმა ისაუბრა ევროპული მედიაციით 19 აპრილს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე და განსაკუთრებული ყურადღება კომპრომისის აუცილებლობაზე გაამახვილა.

რიკერმა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოუწოდა, იმუშაონ ერთად, რათა გააძლიერონ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები.

"ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს წარმატება, როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიისა და გააგრძელოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურება. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა განახორციელონ 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. დღეს პრემიერ–მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე მე მოვუწოდე ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ლიდერს, იმუშაონ ერთად, რათა გააძლიერონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები. ისინი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პანდემიის გასამკლავებლად, ეკონომიკური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელიც წარმოიშვა პანდემიის გამო, და, რა თქმა უნდა, გრძელდება რუსული გამოწბვევა – რუსეთის განგრძობადი ოკუპაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის. მე შევახსენე მათ და შევახსენებ ოპოზიციური პარტიის ლიდერებსაც მოგვიანებით, რომ კომპრომისი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიული მმართველობის", – განაცხადა რიკერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, აშშ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებაზე ყურადღებას გაამახვილებს:

„მე რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან. ახლა, ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს უკვე მრავალპარტიული პარლამენტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ პარლამენტში იმუშაოს კონსტრუქციულად და გააკეთონ ის საქმე, რა მოთხოვნასაც უყენებენ მათ თავიანთი ამომრჩევლები. აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს პოლარიზაციის დონე საქართველოში და ამაზე უნდა იმუშაონ პარტიებმა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის".

მოწოდება ამნისტიის კანონზე მუშაობისკენ

რიკერი პარტიებს ამნისტიის კანონზე მუშაობისკენ მოუწოდებს:

"მოვუწოდებთ, პარლამენტში იმუშაონ განსაკუთრებით სამი მიმართულებით: ამნისტიის კანონი და მისი განხორციელება – ეს პრობლემური, თუმცა 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო საკითხია, ასევე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართულებით".

ევროატლანტიკური ინტეგრაცია

რიკერის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, მათ შორის, ნატო-ში ინეტგრაციას. თუმცა ამავდროულად იმ რეფორმების განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება წევრი. [...] ძალიან გაგიმართლათ, რომ ძლიერი ინსტიტუტები გაქვთ, თუმცა 19 აპრილის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის ნატო-სკენ მიმავალი გზა",– განაცხადა რიკერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი:

"რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. უნდა მოხდეს ყველა საკითხის გათვალისწინება, როგორიც არის მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი რეფორმით უნდა გადაიჭრას. 19 აპრილის შეთანხმება, ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით და ეს ნიშნავს, რომ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რაც მნიშვნელოვანია. ეს მუშაობის პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური და მასში ასახვა უნდა ჰპოვოს საქართველოს მოსახლეობისა და საზოგადოების მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა. [...] ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, არის უმნიშვნელოვანესი, რათა ქვეყანა განვითარდეს და ჰქონდეს ინვესტიციები“, – განაცხადა რიკერმა.

ამასთან, მან საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

"პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სახელწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით მინდა, გამოვხატო ნატო–ს ოპერაციებში, მათ შორის, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, საქართველოს მრავალწლიანი წვლილის დიდად დაფასება. ქართველი სამხედროები მამაცად მსახურობდნენ და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც სიცოცხლე დაკარგა მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".

რუსული აგრესია და აშშ–ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს, გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა

რიკერის განცხადებით, ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მიზანს, გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ.

მან რუსული ოკუპაცია დაგმო და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ–ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს, რუსეთთან სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, თუმცა პარალელურად, ყოველთვის ექნება რეაქცია რუსეთის უკანონო ქმედებებზე.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ​ ვეძიებთ რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს, თუმცა ჩვენ არ გავჩუმდებით და ყოველთვის ხმამაღლა ვილაპარაკებთ რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე. საქართველოს არ ჰყავს ამერიკაზე მტკიცე და ძლიერი პარტნიორი და რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - განაცხადა ფილიპ რიკერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო, როგორც აშშ–ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო აშშ–ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში:

"ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში და მე ნამდვილად, ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი პირისპირი შეხვედრების შესაძლებლობა აქ, საქართველოში".

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოს, გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის.

მისი თქმით, შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს სურვილს, რომ გაააქტიუროს ურთიერთობები აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით:

"მოგეხსენებათ, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა , თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი მხრივ აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალე ბიზნეს–გარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისაგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება და მუშაობა, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოს, გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის“.

კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა

რიკერმა ისაუბრა ასევე საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდებაზე და აღნიშნა, რომ საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებში, რომლებიც აშშ-სგან კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ.

"ჩვენი თანამშრომლობა COVID-19–ის კუთხით მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ამ ბრძოლაში ამერიკა მხარში უდგას საქართველოს, რომელიც აშშ-სგან ვაქცინას მიიღებს. კერძოდ, საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ვაქცინის 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას მიიღებენ", – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

ფილიპ რიკერი საქართველოს შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S