„მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მიზანს, განავითაროს თავდაცვისუნარიანობა პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ"
07/06/2021 15:18:09 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის განცხადებით, ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მიზანს, განავითაროს თავდაცვისუნარიანობა პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ.
მან რუსული ოკუპაცია დაგმო და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ–ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს, რუსეთთან სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, თუმცა პარალელურად, ყოველთვის ექნება რეაქცია რუსეთის უკანონო ქმედებებზე.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ ვეძიებთ რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს, თუმცა ჩვენ არ გავჩუმდებით და ყოველთვის ხმამაღლა ვილაპარაკებთ რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე. საქართველოს არ ჰყავს ამერიკაზე მტკიცე და ძლიერი პარტნიორი და რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - განაცხადა ფილიპ რიკერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.


