"რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც საქართველოს ხელს შეუწყობს, გახდეს მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის"
07/06/2021 14:40:51 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოს, გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის.
მისი თქმით, შეერტებული შტატები აფასებს საქართველოს სურვილს, რომ გაააქტიუროს ურთიერთობები აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.
"მოგეხსენებათ, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა , თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი მხრივ აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალე ბიზნეს–გარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისაგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება და მუშაობა, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოს, გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.


