"მოვუწოდებ ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ლიდერს, იმუშაონ ერთად, რათა გააძლიერონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები"
07/06/2021 13:57:51 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერის განცხადებით, იგი მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, იმუშაონ ერთად, რათა გააძლიერონ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები.
"ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს წარმატება, როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიისა და გააგრძელოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურება. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა განახორციელონ 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. დღეს პრემიერ–მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე მე მოვუწოდე ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ლიდერს, იმუშაონ ერთად, რათა გააძლიერონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები. ისინი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პანდემიის გასამკლავებლად, ეკონომიკური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელიც წარმოიშვა პანდემიის გამო, და, რა თქმა უნდა, გრძელდება რუსული გამოწბვევა – რუსეთის განგრძობადი ოკუპაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის. მე შევახსენე მათ და შევახსენებ ოპოზიციური პარტიის ლიდერებსაც მოგვიანებით, რომ კომპრომისი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიული მმართველობის", – განაცხადა რიკერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, აშშ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებაზე ყურადღებას გაამახვილებს:
„მე რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან. ახლა, ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს უკვე მრავალპარტიული პარლამენტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ პარლამენტში იმუშაოს კონსტრუქციულად და გააკეთონ ის საქმე, რა მოთხოვნასაც უყენებენ მათ თავიანთი ამომრჩევლები. აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს პოლარიზაციის დონე საქართველოში და ამაზე უნდა იმუშაონ პარტიებმა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის".
ამასთან, იგი პარტიებს ამნისტიის კანონზე მუშაობისკენ მოუწოდებს:
"მოვუწოდებთ, პარლამენტში იმუშაონ განსაკუთრებით სამი მიმართულებით: ამნისტიის კანონი და მისი განხორციელება – ეს პრობლემური, თუმცა 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო საკითხია, ასევე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართულებით".


