მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე ვასაძე მივიდა და ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა
07/06/2021 12:30:44 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.
მან აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად ნინო ლომჯარიას თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
ადგილზე შეკრებილი არიან სასულიერო პირები და მოქალაქეები, რომლებიც სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.
ომბუდსმენის ოფისის შესასვლელში პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.
ამასთან, „ალტ ინფოს“ დამფუძნებლის თქმით, ნინო ლომჯარია წლებია, საპატრიარქოს ებრძვის.
„სახალხო დამცველის ოფისთან ვიწყებთ იმის გაპროტესტებას, რასაც აშავებს ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც წლებია, ებრძვის საპატრიარქოს, რელიგიას და ყველაფერ იმას, რითაც ჩვენ, ქართველი ხალხი ვამაყობთ. აქ შეკრების მიზანია მათ შორის მეუფე სპირიდონის მხარდაჭერა, ჩვენი დედაეკლესიის მხარდაჭერა. ჩვენ, დღეის ამას იქით, მივალთ ყველგან, სადაც ესენი რამეს დაგეგმავენ“, – აღნიშნა „ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ.
მანამდე, აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროსთან იყვნენ შეკრებილი.
ცნობისთვის: 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
სარჩელი სასამართლოში ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შეიტანა. PHR–ის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა და შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომლის დაკმაყოფილებაც კანონით შეეძლო.
თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, "სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია".
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ნაწილი თავადაც ლაპარაკობს დასჯის სასტიკ მეთოდებზე.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს.


