არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფილიპ რიკერის შეხვედრის მთავარი თემა სასამართლოს რეფორმა იყო
07/06/2021 11:25:12 პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აშშ-ის სახელმწოფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის შეხვედრის მთავარი თემა სასამართლოს რეფორმა იყო, – ამის შესახებ საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა.
“კლანისა” და არაფორმალური გავლენების შესახებ კარგად ინფორმირებულები იყვნენ. არასამთავრობო სექტორმა დამატებით მაგალითებიც მივაწოდეთ. საკმაოდ ღია საუბარი გვქონდა ამ საკითხთან მიმართებით. შევთავაზეთ ის, რომ აქ გამოსავალი არის ძალაუფლების გადანაწილებაში. როდესაც ერთპიროვნულად უმრავლესობა მართავს სიტუაციას, რა თქმა უნდა, ამ უმრავლესობის ხელშია სასამართლოც. თვითონაც ძალიან კარგად ხედავენ, რომ არაფორმალური გავლენების ჯგუფი, ფაქტობრივად, ხელისუფლებასთან დღეს გარიგებაშია და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ხელისუფლებას აწყობს. ამ საკითხებზე იყო საუბარი, ასევე იმაზე, რომ აუცილებელია ძალაუფლება ერთის ხელში არ იყოს, იმიტომ, რომ სასამართლო არ არის უბრალოდ უმრავლესობის, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის", – განაცხადა სიმონიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო 19 აპრილის შეთანხმებას და მის იმპლემენტაციას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კრიზისებს თავი დავაღწიოს.
“ასევე, საუბარი შეეხო საარჩევნო,პოლიტიკურ და პოლიტიკაში პოლარიზაციის საკითხებს. შესაბამისად, ჩვენი ხედვები შევთავაზეთ ბატონ რიკერს, თუ როგორ შეიძლება დაძლეული იყოს ეს პოლიტიკური კრიზისი, როგორ გატარდეს აუცილებელი რეფორმები. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს კონტექსტში ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებულები. სასამართლოში არაფორმალური გავლენების საკითხებზეც ისინი საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვიზიტი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მხადაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ფუნდამენტური რეფორმები გააგრძელოს", – დასძინა მან.


