"საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა"
07/06/2021 10:09:45 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, – ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
"2020 წელს, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ძალისხმევითა და არაფორმალური არხების გამოყენებით, მოხერხდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 1 000-ზე მეტი სტუდენტისა და მოსწავლის, ასევე მათი თანმხლები პირების ორგანიზებულად გადმოყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. ამ კუთხით, გრძელდება არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხის გამოყენება, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობის ჩათვლით, არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათზე დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად. საკმაოდ ნაყოფიერი კომუნიკაცია მიმდინარეობდა პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 58 ახალ პროექტზე, რომელთა 60% მოიცავდა ნდობის აღდგენის აქტივობებს გაყოფილ საზოგადოებებს შორის. საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რის გამოც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან აბიტურიენტებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოსვლა და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, ყველა აბიტურიენტი უგამოცდოდ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში”, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისა და საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემის აქტიურად დაყენების მიზნით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუდმივ რეჟიმში ხდება პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე მიმდინარეობს ინფორმირება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე; ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს განვითარებული უკანონო პროცესების თაობაზე — მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების, მათ შორის, 21 – 26 სექტემბერს „კავკასია 2020“- ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარების, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების გატაცების/უკანონო დაკავებების, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებზე, ასევე რუსეთის მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ.
„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად არის დასმული ორმხრივ ფორმატში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, პოლიტიკური კონსულტაციებისა და სტრატეგიული დიალოგების ფარგლებში. ასევე, ეფექტიანად არის გამოყენებული გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, საქართველო- ევროკავშირისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატები. საქართველოს ხელისუფლების ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები ასახულ იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დოკუმენტში. მათ შორის, გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციებში, გაერო-ს გენერალური მდივნისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშებში, ევროპის საბჭოს მინისტრის მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებებში, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშებსა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში”, – აღნიშნულია, "პირველი არხის" ცნობით, დოკუმეტში.


