თურნავა– გახარიაზე: "პოლიტიკური კრიზისისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა პრემიერს ენიჭება. ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველის დატოვება"
07/06/2021 08:55:22 პოლიტიკა
"როგორც ჩანს, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახადა, რომ ასეთი მკვეთრი განცხადებით ეპასუხა", – ასე ეხმიანება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ექს–პრემიერ გიორგი გახარიას შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, გახარიას გადადგომა “ბრძოლის ველის მიტოვება” იყო.
"ივანიშვილის განცხადების ერთ-ერთი მიზეზი არის ის ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გახარიას პარტია იყენებს ივანიშვილის სახელს და ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ის არის “ივანიშვილის პროექტი”, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებები. მან ეს საქციელი შეაფასა ღალატის ტოლფასად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რა მომენტში მოხდა გადადგომა. ეს მოხდა ძალიან რთულ მომენტში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა და კრიზისი. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და მის ხელმძღვანელს – პრემიერ-მინისტრს. ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველის დატოვება”, –განაცხადა თურნავამ.


