Accentnews.ge
რა საკითხები განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ფილიპ რიკერთან შეხვედრისას

რა საკითხები განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ფილიპ რიკერთან შეხვედრისას

07/06/2021 07:45:32 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა საქართველოში შეხვედრები მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრით დაიწყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფილიპ რიკერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ისინი აცხადებენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო იყო. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა, სასამართლოში მედიამენეჯერების საქმეებს, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს, რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიასა და მარეგულირებელი კომისიის საკითხებს.

"საუბარი შეეხო ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, ზოგადად, პოლარიზებულ გარემოს, რომელსაც ხშირად რიტორიკაც ასაზრდოებს. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ასევე, რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიაზე და დისკრედიტაციის კამპანიაზე მმართველი პარტიის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მარეგულირებელსაც, რომელსაც ხელისუფლება ინსტრუმენტად იყენებს იმისათვის, რომ გააკონტროლოს მის მიერ არაკონტროლირებადი ტელევიზიები, მათ შორის უხამსობის ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას, რომლის გამოც შერჩევითად დაასანქცირეს რამდენიმე არხი", – განაცხადა „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა.

მისივე თქმით, "საუბარი შეეხო გამოძიებებს, რომელიც მიმდინარეობს იმ მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ, რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს":

"ის მედიები, ვინც უზრუნველყოფენ პლურალიზმს და მოსაზრების მრავალფეროვნებას, ხელისუფლების სამიზნეა და სწორედ ეს არის პრობლემა”.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლის ნათია კაპანაძის განცხადებით შეხვედრაზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით იმსჯელეს:

"დღევანდელ შეხვედრაზე მოისმინეს მედიის პრობლემები, რაზეც კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ არაერთხელ მოუწოდებს ხოლმე ხელისუფლებას, რომ გადაჭრას, მათ შორის არის ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა. ცხადია, ასევე არის ის, რომ გამოძიებული იყოს ის დანაშაულები, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოხდა და ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არის მარეგულირებელი კომისია, რომელიც მნიშვნელოვანი აქტორია მედიის თავისუფლების საკითხებში. იმედი გვაქვს, ის მოსაზრებები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გავცვალეთ, უკვე დადებითად აისახება მედიის მდგომარეობაზე".

ფილიპ რიკერი მესამე სექტორთან შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებს შეხვდება.

საქართველოს შემდეგ რიკერი აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S